English / ქართული / русский /
ნუნუ აჩუაშვილისესე ხატიაშვილი
ინფლაცია როგორც რთული ეკონომიკური მოვლენა

ანოტაცია.

ინფლაცია, როგორც ფულის მსყიდველუნარიანობის კლება, გამოიხატება ფულის გაუფასურებაში, იგი მაკროეკონომიკური არასტაბილურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომლის ზრდასაც მძიმე ეკონომიკური შედეგები მოსდევს. ინფლაციის ნეგატიური გავლენა ყველაზე ნათლად სოციალურ სფეროში აისახება, ინფლაციის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები შემდეგია: ფულადი შემოსავლის გაუფასურება, ფულადი დანაზოგების გაუფასურება, ფულადი სახსრების ფარული კონფისკაცია. ფასების ზრდა და ფულადი შემოსავლების გაუფასურება გავლენას ახდენს სამომხმარებლო კალათის ფორმირებაზე, ასევე, ინფლაცია მოსახლეობის ხელში არსებული ფულადი სახსრების ფარულ კონფისკაციას ახდენს გადასახადების მეშვეობით და ფიზიკური და იურიდიული პირები ექცევიან გადასახადების გადამხდელთა უფრო მაღალ ჯგუფში. ინფლაცია და ფულის მსყიდველობითი უნარიანობა უკუპროპორციული სიდიდეებია, რაც უფრო იზრდება ერთი, მცირდება მეორე.

საკვანძოსიტყვები: ინფლაცია; მაკროეკონომიკა; დანაზოგები; კონფისკაცია; გადასახადები; სამომხმარებლო კალათი.

შესავალი

ინფლაცია მაკროეკონომიკური პრობლემებიდან ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი და კარგად შესწავლილი თემაა. მისი აღმოცენება ნაწილობრივ კავშირშია ფულის წარმოშობასთან, ეს არის ფულის გაუფასურება, მისი მსყიდველობითი უნარიანობის დაქვეითება, დისბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. თავდაპირველად იგი ჩნდებოდა საგანგებო შემთხვევებისას, ხოლო გასული საუკუნის 20-30-იანი წლებიდან კი მრავალი ქვეყნის ეკონომიკის ქრონიკულ დაავადებად იქცა.

* * *

ინფლაციის გამომწვევი მიზეზებია: სახელმწიფო შემოსავლებსა და ხარჯებში დისპროპორციულობა, ეკონომიკის მილიტარიზაცია, თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის არარსებობა, იმპორტირებული  ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინი.

ინფლაციის სახეებიდან: ზომიერი, ჭენებადი და ჰიპერინფლაცია _ ყველაზე მეტად საგანგაშოა ჰიპერინფლაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში 1990-იანი წლების პირველ ნახევარში, რომლის დროსაც ფასები გაიზარდა მართლაც ასტრონომიური სიჩქარით, რაც ეკონომიკური კოლაფსის თანმხლები იყო. აღნიშნული მოვლენები ჩვენს ქვეყანაში გამოიწვია ეკონომიკური სისტემის შეცვლამ და ქვეყნის გადასვლამ საბაზრო ეკონომიკის რელსებზე. შედეგად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კეთილდღეობის საკმაოდ მაღალი დონის საზოგადოებიდან გადავიდა საზოგადოებაში სადაც სიღარიბემ და გაჭირვებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ზომიერი ინფლაციის დროს ფასები ნელა იზრდება, წელიწადში 10%-ზე ნაკლები, ჭენებადში კი 20-200%-ით, ხოლო ჰიპერინფლაციისას ასტრონომიული სიჩქარით.

გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციის ზრდას აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი საზოგადოების ცხოვრებაზე, ხშირად ჩნდება კითხვა `რატომ უნდა იყოს ინფლაცია ნულზე მაღალი“? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ყველაზე მყარი არგუმენტი არის დეფლაციის რისკი, დეფლაცია ინფლაციის შებრუნებული პროცესია. დეფლაცია შესაძლოა უფრო ხარჯიანი იყოს ეკონომიკისათვის, ვიდრე მაღალი ინფლაცია, რადგან ის იწვევს მოთხოვნის შემცირებას, რის შედეგადაც მცირდება ფასი.  აქედან გამომდინარე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ინფლაცია ნულოვან დონეზე მაღალი იყოს, რათა დეფლაციის რისკი შემცირდეს.

ინფლაციაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის პრეროგატივაა, მისი საქმიანობის მიზანია ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, აგრეთვე მან უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში საფინანსო სისტემის სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა. ინფლაციის დონის მიზნობრივ მაჩვენებელზე შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი იყენებს ფულად საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებს, როგორიცაა რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონები, ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები და მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.

მაღალი და ცვალებადი ინფლაცია აფერხებს ეკონომიკურ ზრდას, პირველ რიგში, მაღალი ინფლაციის დროს ყველაზე დიდი საფრთხე ექმნება ინვესტიციებს, ინვესტიციების მოცულობა მცირდება გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ინფლაცია ინვესტორებისათვის ქმნის მაღალ ინფლაციურ მოლოდინებს და შედეგად, ისინი მოითხოვენ ურისკო აქტივებთან შედარებით უფრო მაღალ უკუგებას.

ინფლაცია სხვადასხვანაირად მოქმედებს საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ ფენებზე, ინფლაციის ზრდის დროს ყველაზე დიდ დარტყმებს ღარიბი და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ჯგუფები იღებენ, რადგან მათი რეალური შემოსავალი გაცილებით მცირდება ფასების ზრდისა და ფულის გაუფასურების გამო.

 

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1% შეადგინა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები _ ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.42% პროცენტული პუნქტით აისახა, ხილსა და ყურძენზე 8.8, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 7.0 პროცენტი, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე 1.6%. ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე _ 0.9%-ით თევზეულზე 0.6%-ით.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7 პროცენტით, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებიების შეძენაზე _ 3.3%-ით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე _ 2.4%-ით.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე დაფიქსირდა 7.6 პროცენტიანი მატება ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე 18.2%, შაქარი, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე _ 11.5%, რძე, ყველი და კვერცხი _ 10.8%,  ხორცი და ხორცის პროდუქტი _ 8.0%, ზეთი და ცხიმი 6.7 პროცენტი. ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე _ 2.5%-ით

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით. სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე _ 25.6%-ით, სატრანსპორტო მომსახურებაზე _ 4.5% და სატრანსპორტო საშუ-ალებების შეძენაზე _ 3.7%-ით.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 14.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.94 პროცენტული პუნქტით აისახა, ფასებიები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე 30.0%, ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე _ 1.8%.

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6.1 პროცენტით, რაც 0.54 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში, ჯგუფებში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუ-ქციის, აპარატურის და მოწობილობების ქვეჯგუფებზე _ 15.7% და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე _ 4.0%.

ინფლაციის დახასიათებისას ცალკე აღნიშვნის საკითხია ლარის გაუფასურების პროცესი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია მონეტარული სტატისტიკა: 

 

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

აშშ დოლარი/ლარი

1.7826

1.6860

1.6513

1.6634

1.7659

2.2702

2.3667

ევრო/ლარი

2.3644

2.3437

2.1232

2.2094

2.362

2.5204

2.6172

დასკვნა

სტატიაში წარმოდგენილი მასალები მეტყველებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში შექმნილ მძიმე ფონზე. ინფლაციური რისკების და სავალუტო კრიზისების დასაძლევად საჭიროა, შეიცვალოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც უნდა მოჰყვეს საინვესტიციო გარემოს შეცვლა და ბიზნესის მიმზიდველობა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. www.slideshare.net/qdm_ge
  2. www.lari.ge
  3. www.geostat.ge
  4. www.nbg.gov.ge
  5. გრეგორი მენქიუ. ეკონომიკის პრინციპები.
  6. www.ndi.org